სტუმრად ვალერი არქანიას პირად სამოთხეში

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუჟავაში მცხოვრებ ვალერი არქანიას ოჯახში მივდივართ,- მისი ბაღი უნდა დავათვალიეროთ და თქვენც გაგაცნოთ.

-მიყვარს სიმწვანე. შესაბამისად, გადავწყვიტე, ჩემს ეზოში ბაღი გამეშენებია. შევიძინე ულამაზესი მცენარეები: პალმები, მაგნოლიები, აგავები…

რა დრო დაგჭირდათ თქვენი ოცნებებისთვის ფრთები რომ შეგესახათ ?

– 1971 წელს დავიწყე ეზოს გალამაზება. ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობისას ვიყიდე ნერგები და დავიწყე ხეების, ყვავილების დარგვა. რაც მეტს ვაკეთებდი, მეტის სურვილი მიჩნდებოდა. გონებაში ვაწყობდი გეგმებს. ვფიქრობდი, აქაურობას, რა და როგორ მოუხდებოდა. აი, ის დიდი პალმის ხე, წლების წინ ვიყიდე წალენჯიხაში, ძალიან პატარა იყო, ახლა კი ვეებერთელა ხეა, თიტქოს ერტად გავიზარდეთ, ერთად ვიცხოვრეთ. გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზაც კი მაქვს, რომელიც წლების წინ ვიყიდე. ამ ყველაფრის მოვლა დიდ ენერგიას მოითხოვს, მე კი ისე გამიტაცა ამ საქმემ, თავის დანებება არც კი მიფიქრია.

-ქვებისგან აწყობილი სადრევანიც ულამაზესი გამოგსვლიათ…

-მცენარეებმა გაიხარეს, მაგრამ ვხედავდი, რაღაც აკლდა, კიდევ რაღაცის დამატება სჭირდებოდა აქაურობას. გადავწყვიტე, შადრევანი გამეკეთებია. დიდი დრო მოვანდომე და ბოლოს ისეთი სახე მივაღებინე, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა. ვიწვალე, ვიშრომე, მდინარე ოლორის ნაპირებიდან მოვზიდე ქვები, წყლის მიწოდებაც ვუზრუნველვყავი მდინარე ოლორიდან და გამომივიდა, შევძელი. დიდი სიხარულია, როცა ნახელავი გამოგივა. ეზოში, ქვებისგან გამოთლილ, ცხოველების და ფრინველების ფიგურებს რომ ხედავთ, ესენიც ჩემი ნახელავია.

– შადრევანისთვის დაგიკავშირებიათ წყალის წისქვილი…

– იდეა გამიჩნდა, გამეკეთებინა წყლის წისქვილი. ბევრი ფიქრი დამჭირდა როგორ დამეწყო და სად გამეკეთებია, წყალი საიდან მიმეწოდებია წისქვილის ასამუშავებლად… ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე,  შადრევნის წყლით მომეგვარებია ეს პრობლემა და გავუკეთე შადრევანს საკეტი, რომლის ჩამოწევითაც წყალი გროვდება და წისქვილს ამუშავებს. უნდა ვთქვა ისიც, რომ თავიდან ძალიან გამიჭირდა, დავუკავშირე წყალი წისქვილს, მაგრამ არ დაატრიალა, ხელახლა ვცადე და შედეგიც მივიღე, ამუშავდა წისქვილი. რომ იცოდეთ, როგორი უბედნიერესი  ვიყავი.

– ბაღთან და წყლის წისქვილთან ერთად, თქვენივე ხელებით გააკეთეთ თონე და მეგრული ფაცხა… რომელშიც ინახავთ ძველ, ძვირფას ნივთებს, “საოჯახო ანტიკვარს”, შეიძლება ასე ითქვას… ფაცხის კედლებზე წინაპრების ფოტოებიც გაქვთ გამოფენილი.

-დიახ, ფაცხაში, ძველ ნივთებს, “საოჯახო ანტიკვარს”, შეიძლება ასე ითქვას ვინახავ… ფაცხის კედლებზე წინაპრების ფოტოები გამოვფინე. სხვა ძველებურ ნივთებთან ერთად, მაქვს ჩვენი ოჯახის უძველესი პატეფონიც, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები, – ჩემთან მოსულ სტუმრებს აქვთ შანსი ნახონ ის და მოუსმინონ ძველ სიმღერებს.

-თქვენი მარნის კარის წარწერა მეტყველებს, რომ სტუმრების სინაკლებესაც არ უჩივით…

– მე ტრადიციების მოყვარული მეგრელი კაცი ვარ. სტუმარ-მასპინძლის წესებს არ ვღალატობ და ჩემთან მოსულ სტუმარს ხელგაშლილი ვხვდები. რაც შეეხება წარწერას კარზე: “გაუმარჯოს პურ-მარილიან კაცსა”, ნამდვილად გამოხატავს ჩემს დამოკიდებულებას.

  • დარწმუნებული ვართ, სტუმარი, რომელიც ბატონ ვალერის პირად სამოთხეს ეწვევა, ამ ეზოს და გარემოს, გულგრილი ვერ დატოვებს.

ავტორები: მარიამ შამუგია, დათა შამუგია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *