გუბერნატორი: წალენჯიხაში სტიქიით დაზიანებული საცალფეხო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მოწყობა მიმდინარეობს

  • წალენჯიხაში, მაზანდარას უბანში სტიქიის შედეგად დანგრეული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მონტაჟი დაიწყო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით მაზანდარას უბანში გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს საავტომობილო ხიდით სარგებლობა უახლოეს დღეებში შეეძლება.

ადგილობრივ მოსახლეობას 30 წელზე მეტია აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო ხიდი არ აქვს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ადგილობრივ მოსახლეობას საავტომობილო ხიდის მოწყობას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის მინისტრის მოადგილესთან კობა გაბუნიასთან ერთად შეპირდა.

ბოლო სტიქიამ რეგიონში პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ტრხურმა სენაკის სოფელ ლეძაძამეში ხიდი დაანგრია, ხოლო წალენჯიხაში ფახულანი-ჭალეს დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა. სახელმწიფო რწმუნებულის უშუალო ჩართულობით ორივე მიმართულებით მოძრაობა უახლოეს დღეებში აღდგა.