გიორგი გუგუჩია: წალენჯიხაში მაზანდარას უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდს მოვაწყობთ

  • სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში 5 დღის წინ სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის მოწყობა დასრულების ეტაპზეა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სწრაფი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად გარესამყაროსთან საავტომობილო მოძრაობის გარეშე დარჩენილი 76 ოჯახი ახალი ხიდით ისარგებლებს. ამავე უწყებების მიერ ასევე აღდგა დაზიანებული ხიდი წალენჯიხის სოფელ ფახულანში.

სტიქიამ მთლიანად მოშალა საფეხმავლო ხიდი წალენჯიხის მაზანდარას უბანშიც. სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას, განცხადებით წალენჯიხაში საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მოწყობა უახლოეს პერიოდში მოხდება. ადგილზე ხიდის დაგეგმარების პროცესს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან კობა გაბუნიასთან ერთად გაეცნო.