- დღეს, წალენჯიხის კულტურის ცენტრისა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, დიდი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება – „გრანელობა“ გაიმართა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა პოეტის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. დეკანოზმა ილია სარიამ ტერენტი გრანელის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ღონისძიების ფარგლებში, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინეს, ხოლო დღის პროგრამა წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში ფილმის – „ტერენტი“ – ჩვენებით დასრულდა.
კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები გაგრძელდება — დაგეგმილია სხვადასხვა გამოფენა და საინფორმაციო შეხვედრა, რომლებიც 22 ოქტომბერს, საზეიმოდ, „წალენჯიხობა-გრანელობა 2026“-ით დასრულდება.
ფოტო:წალენჯიხის საკრებულო

