წალენჯიხის მუნიციპალიტეტში “ამერიკული სივრცე” გაიხსნება

  • დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის პრესატაშეს მოადგილე კრისტინ იარნი და სოციალური მედიის კოორდინატორი ეთია ზავრაშვილი.

სტუმარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული და მერის მოადგილე თამარ ბელქანია შეხვდნენ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კრის იარნიმ ისაუბრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში “ამერიკული სივრცის” გახსნასთან დაკავშირებით, როგორც მან აღნიშნა, “ამერიკული სივრცე” გულისხმობს საგანმანათლებლო ქსელის შექმნას, სხვადასხვა აქტივობებს, ინგლისური ენის სწავლებას, კულტურისა და სხვა საკითხებზე დისკუსიას, ითვალისწინებს ასევე სხვადასხვა საბაზისო უნარების შესწავლას.

ამერიკული კუთხე მომავალი თაობების განათლებას და მათ განვითარებას შეუწყობს ხელს.

თამარ ბელქანიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ განათლების სფეროს მხარდაჭერა პრიორიტეტს წარმოადგენს რადგან მუნიციპალიტეტი საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარედ მდებარეობს.

მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ ამერიკული ცენტრის შექმნას, მათი თქმით: ამერიკელი ხალხის გვერდში დგომა ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს მხარდაჭერა კი დასტურია სტრატეგიული პარტნიორობისა.

ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში სტუმრები იმყოფებოდნენ წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში, სადაც გაეცნენ ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს, მოისმინეს ქართული-ხალხური სიმღერები, იმყოფებოდნენ ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში და ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT აკადემიასა და ჟირა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სასახლეში რათა შეირჩეს ადგილი “ამერიკული სივრცისათვის”.

ვიზიტის ფარგლებში ჩამოსულმა სტუმარმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს გულთბილი დახვედრისათვის.

დაისახა სამომავლო გეგმები.