- ქალაქ წალენჯიხაში, იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის სამშენებლო სამუშაოები იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ დაათვალიერეს.
მშენებლობის დათვალიერების პროცესს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალი ფილიალის ამოქმედების შემდეგ, წალენჯიხის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს იუსტიციის სახლის 600-ზე მეტი სერვისით თანამედროვე და კომფორტულ გარემოში.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე, ფილიალში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. აქვე განთავსდება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ოფისები.
წალენჯიხის იუსტიციის სახლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რიგით მე-16 ფილიალი იქნება. ამჟამად რეგიონში ფუნქციონირებს 15 ფილიალი: ჭალადიდში, ხობში, სენაკში, აბაშაში, მარტვილში, ფოთში, მესტიაში, ზუგდიდში, რუხში, ორსანტიაში, ცაიშში, ჩხოროწყუში, ლესიჭინეში, ჯვარსა და ჯგალში.
სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის 128 ფილიალი ფუნქციონირებს.

