რატომ ბანდნენ პატარძლები ოჯახის სტუმრებს ფეხებს?

  • გიფიქრიათ, როგორ უყვარდათ თქვენი ოჯახების უფროს თაობებს? ყველა ეპოქაში ხომ თავისებურად უყვართ და თავისებურად გამოხატავენ ამ სათუთ გრძნობას. ბებიაჩემი, 95 წლის ტატიანა ჭკადუა, გასული საუკუნის 50-იანი წლების წყვილების სასიყვარულო ისტორიაზე და ტრადიციებზე გვიყვება:

„ტკბილი იყო ჩემი და ბაბუაშენის სიყვარულის ისტორია. თქვენ, ახლა, მესიჯებს წერთ ერთმანეთს და ყოველწუთიერი კავშირი გაქვთ, მაშინ წერილის წერა იყო მოდაში, რომელსაც ფოსტით ჩუმად ვაგზავნიდით. ერთმანეთის წერილებს, დღეების, კვირის განმავლობაში ველოდებოდით. დღემდე შენახული მაქვს ჩემი ქმრის არჩიკო შამუგიას გამოგზავნილი წერილები. დაქორწინების შემდეგაც, თავისუფალ დროს, ხშირად ვკითხულობდი მათ. სხვა დრო იყო: არჩიკოს წერილებს ვმალავდი, ჩემს ძმებს და მშობლებს რომ არ ენახათ… ერთხელ, დიდ ხანი ვმალე წერილი, მაგრამ მაინც რაღაცა გამომრჩა და ჩემმა ძმამ ნახა. ისეთ დღეში ჩავვარდი, ვერც წარმოიდგენთ,- შემრცხვა, თან მეშინოდა ძალიან, რამე არ ეთქვა ჩემთვის და არ  მშობლებისთვის არ გაემხილა ჩემი საიდუმლო, თორემ დამტუქსავდნენ, იქნებ. ეს ურთიერთობა აეკრძალათ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ პატარა აღარ ვიყავი. ძალიან მკაცრი ძმები მყავდა… როცა ყველამ გაიგო ჩემი და არჩიკოს ურთიერთობის შესახებ,  ხშირად სახლშიც მაკითხავდა, –  წინასწარ ვიგებდი მისი გამოგზავნილი წერილიდგან, თუ როდის მოდიოდა ჩემნთან, სახლში. გულისფანცქალით და მოწიწებით ველოდებოდი, ვემზადებოდი სახელდახელოდ… მეც, როგორც ახლანდელი ახალგაზრდების უმრავლესობა, ვეშმაკობდი, მოსვლის დღე რომ დადგებოდა, ჩემს მოქარგულ ხელსახოცებს გადავკიდებდი აივანზე, რომ ენახა როგორი საქმიანი გოგო ვიყავი, მინდოდა, კარგი შთაბეჭდილებები მომეხდინა.

1954 წელს დავქორწინდით. მახსოვს, როგორ მოვიდნენ ჩემთან სახლში, ვერცხლით და ძვირფასი ლითონებით მოკაზმული ცხენით არჩიკო და მისი ნათესავები.  მამა არ მყავდა და დედაჩემს სთხოვეს ჩემი ხელი… მე კუთხეში ვიდექი ჩუმად, თან მრცხვენოდა, თან მეშინოდა, თან მიხაროდა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ წუთების ჩემს ემოციებს. დედაჩემმა, დიდი ყოყმანის გარეშე,  გაატანა არჩიკოს ჩემი თავი. სხვათაშორის, გამიკვირდა, ძალიან მკაცრი იყო და ასე ადვილად, ბევრი საუბრისა და ახსნა-განმარტების გარეშე, როგორ შესძლო გაეტანებინა ჩემი თავი მისთვის, დღემდე მიჭირს მისი გაგება.

ტატიანა ჭკადუა

-ამბობენ, ახალდაქორწინებულები, მაშინ საზოგადოების წინაშე, ძალიან მორიდებულები იყვნენ…

-ჩემი ქმრისგან თავს შორს ვიჭერდი. რანაირი ვიყავი ღმერთო ჩემო, ან როგორი წესი გვქონდა… თვალებში ვერ ვუყურებდი… ვინმეს რომ შეემჩნია, ჩემს ქმარს ვუყურებდი, სასირცხვილოდ ითვლებოდა… გავურბოდით ერთმანეთთენ სიახლოვეს უცხო თვალის დასანახად…

-ამბობენ, სამეგრელოში, პატარძლები, სტუმრებს ძილის წინ, ფეხებს ბანდნენო…

-კი, ძალიან ცუდი წესი ჰქონდათ მაშინ,- ღამე დასარჩენად მოსულ სტუმარს, პატარძალი, დაწოლის წინ, ფეხებს ბანდა, – დავბანდი, შევუმშრალებდი, რომ სუფთა ფეხებით ჩაწოლილიყო. ეს ითვლებოდა  ოჯახის სტუმრისადმი, ოჯახისადმი, მეუღლისადმი, ტრადიციებისადმი დიდ პატივისცემად. რომ ვიხსენებ ძველ ტრადიციებს მიკვირს, მაგრამ ასეთი იყო ტრადიცია და რომ დაგერღვია, ოჯახის უპატივისცემლობად ითვლებოდა. მიხარია, რომ ის წესები გადავიდა და ახალგაზრდები ახლა უფრო თავისუფლები არიან.

-95 წელი დიდი ასაკია?

-დიდი ხანია ვარ ამ ქვეყანაზე, 95 წელი შემისრულდა უკვე. დიდი ასაკია, რა თქმა უნდა, რას არ შევესწარი. 17 წლის წინ საყვარელი მეუღლეც გარდამეცვალა, მაგრამ კიდევ მინდა ვიყო, გულს ახლობლებთან უნდა ყოფნა. მინდა, დავტკბე ჩემი შვილიშვილების ბედნიერებით.

დათა შამუგია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *