წალენჯიხაში პარტია “საქართველოსთვის” წევრი დააკავეს

  • პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრის ბერდია სიჭინავას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დილით უკანონოდ დააკავა მათი მაჟორიტარი დეპუტატი – პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალენჯიხის 2021 წლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გელა აბულაძე.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დილით უკანონოდ დააკავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი – პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალენჯიხის 2021 წლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – გელა აბულაძე.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საქმეზე გამოძიება წინასაარჩევნოდ წამოიწყო გელა აბულაძესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის განსახორციელებლად, რაც ვერ შეძლეს და რაზეც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს არაერთხელ გვისაუბრია. “ოცნების” ხელისუფლება ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და ცდილობს პოლიტიკური მოცემულობის და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, მუნიციპალიტეტების საბოტაჟით და ა.შ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამმუნიციპალიტეტში ჩვენი სიით გასული საკრებულოს ერთ-ერთი წევრი არჩევნებიდან მალევე მოისყიდეს და გადაიბირეს. იმ ფონზე, როდესაც რეგიონში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული და დანაშაულებრივი ომის პირობებში, ოკუპირებული ქვეყანა, უსაფრთხოების კონტექსტში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, “ოცნება” იცლის პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად და მოქალაქეთა მიერ 2021 წელს დაფიქსირებული არჩევნების შედეგების უკანონოდ შესაცვლელად, რაც ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს ნამდვილად არ უწყობს ხელს.

P.S შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებას დღემდე არ გამოუძიებია მამის საფლავზე მისულ, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ლიდერზე – მალხაზ თორიასა და მის არასრულწოვან შვილზე ფიზიკური თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის ფაქტი”.-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *