პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა საბოლოო არჩევანი 29 ივნისის ჩათვლით უნდა დაადასტურონ

  • 2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო პროცედურები 26-დან 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა სასურველი არჩევანი მხოლოდ ერთ პროგრამაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე – vet.ge უნდა დაადასტურონ.

„აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ სიაში დაკავებული ადგილის შესახებ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აპლიკანტებს შეახსენებს, რომ საბოლოო არჩევანის დადასტურება ჩარიცხვის პროცესის სავალდებულო ეტაპს წარმოადგენს. შესაბამისად, ყველა აპლიკანტმა საბოლოო არჩევანი დადგენილ ვადაში უნდა დააფიქსიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავს შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.

რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას – (+995 32) 2200 220; info@emis.ge, – აღნიშნულია ინფორმაციაში.