მურად ჭანტურია–ცხოვრება შუადღის შემდეგ

  • ფაქტობრივად, ეს ჩემთვის პირველი ინტერვიუა. ჩემი დღევანელი რესპონდენტი 65 წლის წარმატებული მწერალი, ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე მურად ჭანტურიაა.

სკოლის დამთავრებისთანავე, 1971 წელს, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, ერთი წლის შემდეგ – ხელოვნებათმცოდნეობის მეორად ფაკულტეტზეც. ამბობს, ბებიას ყოველთვის უნდოდა, მისი შვილიშვილი ექიმი გამხდარიყო, თუმცა არჩევანი თვითონ გავაკეთეო, პროფესიად ჟურნალისტობა ავირჩიე და ოჯახიდან, წინააღმდეგობის ნაცვლად, მხარდაჭერაც დავიმსახურეო.
თვლის რომ, თავისი ბუნებიდან გამომდინარე მწერალია და თავისი ცხოვრების I ეტაპი დათა თუთაშხიას მსგავსად მუდმივ ძიებასა და აქტიურ ცხოვრებაში გაატარა, ერთი სიტყვით, ნამდვილი ჟურნალისტი იყო. ცხოვრების II ეტაპი პირველისგან განსხვავებული აღმოჩნდა, როგორც ინტერვუში ამბობს, ბევრმა რამემ თავისი ხიბლი დაკარგა, ბევრი რამ მობეზრდა და უფრო ჩაიკეტა თავის თავში, განვლილის გააზრებასთან და მომავალზე ფიქრთან. როგორც ამბობს, ქვეყნის, მხარისა და ქალაქის პრობლემებს საკუთარ “პიროვნულ” ტკივილად აღიქვამს. მის ფეისბუქ გვერდზე ერთგან უწერია: “მე ჩემი ქვეყნის და ქალაქის პრობლემებს საკუთარი სხეულის ტკივილად აღვიქვამ…”
ინტერვიუს ჩასაწერად ბატონმა მურად ჭანტურიამ საკუთარ სახლში მიმასპინძლა… საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა ჩემი რესპოდენტი. მთელი ინტერვიუს განმავლობაში, სახიდან ღიმილი არ სცილდებოდა და ცდილობდა, არასასიამოვნო დეტალებიც კი, ღიმილით გაეხსენებინა.
– ბატონო მურად, გაეცანით მკითხველს.
– სავიზიტო ბარათში ასე მიწერია: მურად ჭანტურია – მწერალი, ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე.
– თქვენს პიროვნულ თვისებებზე მოგვიყევით… როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?
– რთული შეკითხვაა… გინახავთ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ცუდს ამბობდეს?! ჩემს კარგ თვისებებზე კი, ალბათ, სხვებმა უნდა ისაუბრონ. სხვათაშორის, ერთ დროს, როცა რედაქტორი ვიყავი, მომიწია საკუთარი თავი დამეხასიათებინა. იყო ასეთი ფორმა: ჯერ კარგ თვისებებზე უნდა დაგვეწერა და თვითკრიტიკით დაგვემთავრებინა. როცა საღი აზრი მოიკოჭლებს და ცხოვრებაში ულოგიკო მოვლენებს ვაწყდებით, უებარი საშუალება და “წამალი” იუმორია. ჰოდა, მეც იუმორს “ამოვეფარე” და თავიდანვე თვითკრიტიკით დავიწყე და ბოლომდეც ისე თვითკრიტიკით გავედი, მთელი კრება ხარხარებდა…
– იუმორმა გამახსენა: რამდენადაც ვიცი, თქვენი პირველი წიგნი იუმორისტული მოთხრობების კრებული იყო.
– კი. 1994 წელს გამოვიდა: “ვინაა ყველაზე ლამაზი?” იუმორიც, ალბათ ისე, როგორც მუსიკალური ნიჭი, პიროვნების თანდაყოლილი ფენომენია, მაგრამ “ოფიციალურ” იუმორისტად სრულიად შემთხვევით ვიქეცი. ადრე, საქართველოში გამოდიოდა “სატირულ-იუმორისტული ჟურნალი “ნიანგი”, რომელსაც წლების განმავლობაში, რედაქტორობდა ისეთი ქართველი მწერალი და იუმორის უბადლო ოსტატი, როგორიც სულმნათი ნოდარ დუმბაძე იყო. ერთხელ, ამ ჟურნალმა გამოაცხადა დახურული კონკურსი იუმორისტულ ლექსზე, ფელეტონზე და იუმორისტულ მოთხრობაზე. ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, სხვათაშორის, „თბილისობის“ იდეის ავტორის, ჩვენი თანაქალაქელის და თქვენი მოგვარის, გვანჯი მანიას ინიციატივით, ამ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა: ბატონმა გვანჯიმ ფელეტონი გააგზავნა, მე – იუმორისტული მოთხრობა. მოხდა ისე, რომ სამი გამარჯვებულიდან ორი ჯვარელები, ბატონი გვანჯი და მე, აღმოვჩნდით! მერე, ბუნებრივია, “ნიანგის” სასურველი ავტორი ვიყავი, გაზეთებშიც შესაბამისი, რუბრიკაც შემოვიღეთ და… ჩემმა იუმორისტული მოთხრობების კრებულმა უფრო ადრე იხილა დღის სინათლე, ვიდრე – “სერიოზული” მოთხრობების წიგნმა.
– გზა ჟურნალისტობამდე… როგორ მოხვდით ამ სფეროში?
– სხვათაშორის, აქაც მთავარი დამნაშავე თქვენი მოგვარეა. სკოლის მოსწავლე ვიყავი, დაახლოებით 6-7 კლასში, როცა ახალკურსდამთავრებული ჟურნალისტები გვანჯი მანია და ზაურ ფიფია ჩამოვიდნენ რაიონულ გაზეთში სამუშაოდ და ისეთი ამბები დაატრიალეს, რომ მათზე, როგორც პრინციპულ, უშიშარ და მოუსყიდველ კორესპონდენტებზე, ლეგენდები დადიოდა… ერთხელაც, ერთ-ერთი ლეგენდა, გვანჯი მანია, სკოლაში მოვიდა და ფოტოგრაფიის წრე ჩამოაყალიბა. უამრავი ბავშვი შეიკრიბა. მამაჩემს ადრეც უნდოდა, შვილებს სურათების გადაღება გვცოდნოდა და ამ ამბავს დიდი მოწონებით შეხვდა. იმ დროს იმპორტულს ვერ იყიდდი და საუკეთესო სამამულო ფოტოაპარატიც გვაჩუქა. ყველას გამოგვიცდია, ალბათ: ფოტოგრაფიამ საოცარი გატაცება იცის და, მოხდა ისე, რომ ეს საქმე კარგად შევისწავლე.
ამის შემდეგ საერთაშორისო მნიშვნელობის პიონერთა ბანაკ “არტეკში” მომიწია დასვენებამ. დაბრუნებულზე, ისევ ბატონი გვანჯის რჩევით, იქ გატარებულ დღეებზე, საინტერესო დღიურების სახით დავწერე მოგონებები. ამ “დღიურებს” და ჩემს მიერ გადაღებულ-დაბეჭდილ შესაბამის ფოტოებს, რაიონულმა გაზეთმა მთელი გვერდი დაუთმო. ეს დამწყები, მე-7 კლასელი “ჟურნალისტისთვის” დიდი მიღწევა იყო… ალბათ, ამ ამბავმა და ზოგიერთმა სხვა ფაქტორმაც, განსაზღვრა ჩემი მომავალი…
– თქვენი აზრით, ჟურნალისტი წარმატებული რომ იყოს თავის სფეროში, მთავარი გასაღები რა არის?
– კარგი შეკითხვაა. ყველაფრის საფუძველი ცოდნაა! რა პროფესიაც უნდა აირჩიო, თუ შესაბამისი ცოდნა არ გაგაჩნია, წარმატებული ვერ გახდები. შესაბამის ცოდნას მერე შესაბამისი გამოცდილებაც მოჰყვება… ბევრი უნდა იკითხო, რომ ცოდნა შეიძინო და შენი პროფესია წარმატებული გახადო. თუმცა, “ბევრ კითხვაში” დაზეპირება-დაზუთხვას არ ვგულისხმობ. სულაც არ არის საჭირო, თავი ათასი რამით გამოიტენო! უნდა ერკვეოდე, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია სად მოძებნო და როგორ მიაგნო! წარმატებული ჟურნალისტის და მწერლის და, საერთოდ, განათლებული საჯარო მოღვაწის სამაგიდო წიგნები უნდა იყოს: ენის ორთოგრაფიული და განმარტებითი ლექსიკონები. ხოლო რამდენი სახის და დარგის ენციკლოპედიური ლექსიკონიც გიდევს წიგნის თაროზე, იმდენად მრავალმხრივი დიაპაზონისა ხარ! ეს ზოგადად! თუ რამდენად დაინტერესდები და ჩაუღრმავდები რომელიმე კონკრეტულ საკითხს, ეს შენს ინტელექტზეა დამოკიდებული.
თანამედროვე ადამიანს, ახალგაზრდებს, ამ კუთხით პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვთ ინტერნეტის სახით. ოღონდ დაინტერესდი და, რა ინფორმაცია გინდა, რომ არ მოიძიო?!

– თქვენს პირველ მწერლურ ნაბიჯებზე რას გვეტყოდით?
–ჩემი პირველი მოთხრობა, რომლის დაბეჭდვა გადავწყვიტე “ცისკარში” მივიტანე. “კაცი და შაშვი”, – ასე ერქვა საკმაოდ ვრცელ ნაწარმოებს. ისე მოეწონათ მოთხრობა, რომ როგორც საინტერესო და პერსპექტიული ახალგაზრდა ავტორი, რედაქტორთან, ბატონ ჯანსულ ჩარკვიანთანაც კი შემიყვანეს და ჩემი თავი გააცნეს… მოკლედ გადაწყვიტეს, დაებეჭდათ და რედაქტორმა შესაბამისი რეზოლუციაც დაადო. მაგრამ, შემდგომ მისვლისას, აღმოჩნდა, რომ პროზის განყოფილების ერთ-ერთ ლიტმუშაკს დასასრული ოდნავ შეეცვალა…
ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, “საინტერესო ამბავი” მთავარი არ არის, ამ ამბავის მიღმა კიდევ რაღაც უნდა იკითხებოდეს, მაშინ არის ეს “ამბავი” ჩემთვის მნიშვნელოვანი. არადა, ლიტმუშაკის მიერ ოდნავ შეცვლილი ჩემი მოთხრობის ფინალით “ამბავი” რჩებოდა, მაგრამ ამ ამბის მიღმა არსებული “რაღაც” იკარგებოდა. ლიტმუშაკს, უშედეგო კამათის შემდეგ, შევთავაზე, “სახლში წავიღებ ტექსტს, ამაღამ კიდევ ვიფიქრებ და ხვალ მოვიტან-მეთქი”. უფრო ფართოდ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმდროინდელ ქართულ სინამდვილეში, ალბათ, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა დამწყებმა მწერალმა, ჟურნალის მთავარი რედაქტორის მიერ ვიზადადებული ნაწარმოები სახლში წაიღო წასაკითხად და მრავალი თხოვნის მიუხედავად (განსაკუთრებით “ცისკრის” თანამშრომელი ციალა არდაშელია აქტიურობდა) უკან არ დააბრუნა!
გაიარა ცოტა ხანმა, სტუდენტებმა ჩემი მოთხრობის “ნობათში” გამოქვეყნება მომილოცეს. “ნობათი” “ცისკრის” დამატება იყო, რომელსაც ცნობილი კრიტიკოსი თამაზ წივწივაძე რედაქტორობდა. ეტყობა, “ცისკარში” მაშინ, დაინტერესდნენ და, სხვა მოთხრობებიც მიმატანინეს, რაც მე გაბრაზებულ გუნებაზე დამავიწყდა… სულმნათმა, დიდმა ქართველმა კრიტიკოსმა, ახალგაზრდა, “გაბრაზებულ” ავტორს მოულოდნელი სიურპრიზიც მოუმზადა და მწერლობაშიც გზა ორიგინალურად დაულოცა! ეს იყო “ნობათის” 1977 წლის მეხუთე წიგნი.
– თქვენი საყვარელი მწერალი და წიგნი?
– წიგნი, ალბათ, “ბიბლია”, თავისი ბრძნული აფორიზმებითა და საოცარი იგავური მინიშნებებით… საყვარელი მწერალი? მე ამ კითხვას ასეთნაირად დავსვამდი: მწერალი, რომელმაც ჩემზე, როგორც პიროვნების, ასევე შემოქმედის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა მოახდინა? აქ ცალსახა პასუხი მაქვს: ყველა მწერალს, ყველა წიგნს, კარგსაც, საშუალოს და ცუდსაც, არცერთს უკვალოდ არ ჩაუვლია, გარკვეული, შესაბამისი, გამოცდილება ყველასგან მივიღე… ცოტა ხნის წინ, ერთი ავტორის კარგად გამოცემული წიგნი წავიკითხე. ძალიან შევწუხდი, რადგან კაცს თავი სერიოზულ მწერლად მიაჩნია! საწინაღმდეგო რეაქციაც მახსოვს: ლიტერატურულ ჟურნალში, თუ არ ვცდები, “ცისკარში”, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა “იგი” წავიკითხე. ისე გამიტაცა, რომ გონზე დედაჩემის ხმამ მომიყვანა. მეორე ოთახიდან გაოცებული მიყურებდა: “გააფრინეო?!” თურმე, ფეხზე ვიდექი, ტაშს ვუკრავდი და გავყვიროდი: “ბრავი, მაესტრო!” რომ მკითხოთ ახლა, დავუშვათ, ხუთი მწერალი, კიდევ ერთხელ რას წაიკითხავდითო, ყოველგვარი “გაპრანჭვის” გარეშე, დაუფიქრებლად, ვიტყოდი: გურამ დოჩანაშვილის მოთხრობებს, ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებებს, ხულიო კორტასარის “სამხრეთის შარაგზას”, უილიამ ფოლკნერს, ხელზე რაც მომხვდებოდა და გია ხუბუას “მუხათგვერდის სასაფლაოს”.
– ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ცხოვრებაში?
– ჰეე, ჩამჭრელი შეკითხვაა!.. ადრე, რა თქმა უნდა, მშობლები, ახლა, – ოჯახის წევრები და ნამდვილი (!) მეგობრები!
– როგორი მეოჯახეა ბატონი მურად ჭანტურია?
– ჩემი აზრით, ძალიან ცუდი, მაგრამ, ყველაფერი ხომ შედარებითია ამ ქვეყნად და გარშემო რომ მიმოვიხედოთ, ასე, ჰა, საშუალომდე “ვქაჩავ”. სოფელში ცხოვრებას ჯანმრთელობა სჭირდება, სამწუხაროდ, მე კი ამის მხრივ პრობლემები მაქვს… ნათია რომ არ იყოს, ძალიან გამიჭირდებოდა, ნათია არის “მოტორი” სახლის შიგნითაც და გარეთაც.
– როგორია თქვენი ცხოვრება შუა დღის შემდეგ?
– მაინცდამაინც მე რომ ვისურვებდი, ისეთი არა! შეუძლებელია, ოდნავ მაინც საღად მოაზროვნე ადამიანი თავს კარგად გრძნობდეს საზოგადოებაში, რომელსაც უამრავი სოციალური და სხვა სახის პრობლემები აქვს! პირველ რიგში, ეს არის განათლება, რომელიც, ჩემი აზრით, უკან-უკან მიდის. ცალკეული “გამონათებები” საქმეს ვერ შველის! გეგონება, თითქოს საქართველოში წარმატებით მუშაობს ცნობილი დოქტრინა: რაც უფრო გაუნათლებელია და ღარიბი საზოგადოება, მით უფრო ადვილი სამართავია!
– მონასტერში წასვლაზე თუ გიფიქრიათ?
– არა, არასოდეს! შეიძლება, გაგიკვირდეთ მაგრამ გეტყვით, რომ ეკლესიაშიც იშვიათად დავდივარ, ამ დროს კი, ძალიან დიდ მორწმუნედ მიმაჩნია თავი. ეკლესია, სასულიერო პირებიც, ჩვენი საზოგადოების ნაწილია, თავისი დადებითი და, სამწუხაროდ, უარყოფითი მხარეებით…
სამწუხაროდ, ცხოვრებაშიც, ყველაზე დიდ სიხარულს, თან, ამავე დროს, ყველაზე დიდი ტკივილი და იმედგაცრუება ახლდა ხოლმე, პირველად ეს უნივერსიტეტში, “ცოდნის ამ თეთრ ტაძარში”, ჩარიცხვით და მეორედ, მწერალთა კავშირში, “ღმერთკაცთა საუფლოში”, მიღებით განვიცადე…
– რას ფიქრობთ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე?
– საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ, დიდი ხანი ვერ წავა წინ! რატომ? ამის შესახებ სულმნათი ჯემალ ქარჩხაძე შესანიშნავად წერს: “…ერთი წუთით პატარა რელიგიური სასწაული წარმოვიდგინოთ: ღვთისმშობელმა “თავისი” ქვეყნის ხილვა მოისურვა. რას ნახავს? ნახავს მონობის სენით შეპყრობილ კერპთაყვანისმცემლებს, რომელთაც თავისუფლება ბატონის გამოცვლა ჰგონიათ; ნახავს მდიდარ ფარისევლებს, რომლებიც საჩვენებელად გამოყენებით ქველმოქმედებას ეწევიან იმ დროს, როდესაც მათ გვერდით, ნამდვილი ადამიანები, ნამდვილი სიკვდილით, ნამდვილად იხოცებიან; ნახავს სიხარბისგან სახედაკარგულ კაცუნებს, რომლებისთვისაც სიხარბე უკვე იმ ზომის იდეალისტური თვითმიზანია – რომ შეეძლოთ ორ-ორ საფლავში ჩაწვებიან; ნახავს ცრუ ადამიანებს, რომლებიც რელიგიურობანას თამაშობენ და, რაკი რწმენის ორგანო ატროფირებული აქვთ, რწმენაც აღებ-მიცემობის საგნად უქცევიათ, როგორც ფართალი, როგორც სპილენძი, როგორც სინდისი, როგორც პოლიტიკა, როგორც მოყვასის ბედი. წმინდა ღვთისმშობელი ასეთ ქვეყანაზე, გარწმუნებთ, უარს იტყვის. ლეგენდაც დამთავრდება და სიმბოლოც”.
სამწუხაროდ, აი, ასეა საქმე!
– რას ფიქრობთ დღევანდელ მედიაზე და როგორია თქვენი ხედვები ჟურნალისტიკასთან დაკავშირებით?
– ჩვენი მედიაც და ჟურნალისტებიც ხომ საზოგადოების შემადგენელი ნაწილნი არიან! ამით, მე მგონი, ყველაფერი ვთქვი! ისე კი, როცა ქართველ “ტელეჟურნალისტებს” დღემდე ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან მშვენიერი ქართული სიტყვები: “მცხოვრები” (ვინც ცხოვრობს) და “მაცხოვრებელი” (ვინც აცხოვრებს, გვაცხოვრებს), იქ რაზეა საუბარი?!..
– და ბოლოს, რა რჩევას მომცემდით მე როგორც დამწყებ ჟურნალისტს?
– თუ აპირებ ამ პროფესიას გაჰყვე და ჟურნალისტი გახდე, რაც შეიძლება მეტი უნდა იკითხო, არა მარტო წიგნები, არამედ გაზეთებიც… თუ ჟურნალისტს კითხვა არ გიყვარს, მაშინ გირჩევ, დაფიქრდე და კარგად გაიაზრო, გინდა თუ არა მომავალში ჟურნალისტობა. და კიდევ, აუცილებლად უნდა გადაამოწმო მოპოვებული ინფორმაცია. ზოგიერთმა ვითომ ჟურნალისტმა (ზუგდიდელმაც) დღესაც არ იცის, ჯვარი სოფელია, დაბაა თუ ქალაქი (?!)… “ვიკიპედიაში” შესვლას და ნახვას მაინც რა უნდა?!
– მადლობა, რომ ინტერვიუზე დამთანხმდით, არ დაიღალეთ და ამომწურავად მიპასუხეთ შეკითხვებზე.
თამარ მანია,

“ზუგდიდელები”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *