თანამშრომლობიდან სიყვარულამდე

  • “ზუგდიდელები” ერთ საინტერესო წყვილს ესტუმრა წინასაახალწლოდ ოჯახში: წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი, ბატონი რობერტ გელოვანი და აფრიკელი მოხალისე მასწავლებელი ქალბატონი ემი მეიბურგი სულ ერთი თვეა დაქორწინდნენ. ინტერვიუ ოჯახურ, თბილ გარემოში შედგა, ქართულ-აფრიკული ტრადიციული კერძების თანხლებით.

-ორიოდე სიტყვით თქვენ შესახებ?
რობერტი: – მე ვარ რობერტ გელოვანი, ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი. სკოლაში მუშაობის 38 წლის სტაჟი მაქვს, აქედან 16 კი დირექტორობის. მალე, ჩვენს სკოლას ახალმოსახლეობა ექნება,-განათლების სამინისტრომ, ჩემი და ჩემი პედკოლექტივის, წალენჯიხის რესურსცენტრის და ადგილობრივი ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, გადაწყვიტა, ჩვენი მოსწავლეებისთვის ახალი სკოლა აეშენებინა. მიხარია, რომ კარგად შეკრული კოლექტივი ვართ. ერთად ვართ, ერთი საქმისთვის ვიღწვით და კარგი შედეგებიც გვაქვს. ოჯახში მყავს მშობლები, ორი ძმა და კიდევ ერთი ახალი წევრი, ჩემი მეუღლე, ქალბატონი ემი. საუბარში ემი გვერთვება ღიმილით.
ემი: – მე ემი ვარ, 34 წლის, პროფესიით ადვოკატი, ვარ სამხრეთ აფრიკიდან ქალაქ ქეფთაუნიდან. მყავს მშობლები და ერთი ძმა. მონაწილეობა მივიღე სამთავრობო პროგრამაში Teach and learn Georgia, და სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით, მოხალისე მასწავლებლის სტატუსით, მოვედი აქ, ეწერის საჯარო სკოლაში.

-ბატონო რობერტ, როგორ მიიღეთ ახალი, უცხოელი თანამშრომელი?
-განათლების სამინისტროში გავაგზავნე განცხადება სკოლისთვის მოხალისე მასწავლებლის მოთხოვნით. აღმოჩნდა, რომ 100 მოსწავლეზე ნაკლებ კონტინგენტიან სკოლას არ ეკუთვნის მოხალისე მასწავლებელი. მოხდა ისე, რომ კახეთის რომელიღაც სკოლამ უარი თქვა მოხალისე მასწავლებელზე და ასე, სრულიად შემთხვევით, ემი მოხვდა ჩვენთან. ის პირველივე დღიდან ახლო ურთიერთობაში შევიდა ყველასთან, როგორც პედაგოგებთან, ასევე მოსწავლეებთან. ყველას შეაყვარა თავი. თვით პატარა ბავშვებიც კი, ადვილად იგებდნენ მისეულ ჟესტ-მიმიკის ენას, იმ ინგლისურ სიტყვებს, რომელსაც განზრახ გამონახავდა პატარებთან ურთიერთობის გასამარტივებლად. მეც, მივხვდი, რომ მასთან ურთიერთობა არც ჩემთვის იქნებოდა პრობლემური.
-ემი, შენ როგორ იხსენებ შენს პირველ დღეს ეწერის საჯარო სკოლაში?
-პირველი დღე ამ სკოლაში, თავიდან, ჩემთვის იყო შოკი,- სკოლის ძველი შენობა გამიკვირდა. ჩვენს ქალაქში, სკოლები, ახალი და თანამედროვე დონისაა… მაგრამ… მასწავლებლები დამხვდნენ ძალიან მეგობრულები და თბილები, ბავშვები კი, საყვარელები და მშვენიერები. და რაც მთავარია, დამხვდა ბატონი რობერტი, დირექტორი, შესანიშნავი პიროვნება, თავისი საქმის პროფესიონალი, დიპლომატი. ის სკოლაში უყვარს ყველას, რადგან თავადაც ყველაზე ზრუნავს. 
 -და თქვენი სიყვარულიც დაიწყო…
ემი: – როგორც კი მოვედი სკოლაში, მაშინათვე მომეწონა რობერტი. საუბარში ღიმილით ჩაგვერთო ბატონი რობერტი: მაშინათვე დედისთვის მიუწერია, რომ აქ საქმრო ვიპოვეო. დედას უთქვამს, ჩვენთან, მილიონიან ქალაქში ვერ იპოვე საქმრო და იქ, იმ პატარა სოფელში როგორ იპოვეო. მართალი გითხრათ, მე, ჩემი ასაკის გამო (57 წლის), არც კი, მიფიქრია ემი თუ დაინტერესდებოდა ჩემით, მაგრამ… ვიგრძენი მისი ინიციატივა…
მესიამოვნა ეს ფაქტი, რომ ჩემს წინაშე იდგა ქალი, ყოველგვარი ანგარების გარეშე, მან არ იცოდა მე ვინ ვიყავი და მე არ ვიცოდი ის ვინ იყო. ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და მივხვდით რომ ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილები. რამდენიმე დღეში აეწყო ურთიერთობა. საბოლოო გადაწყვეტილება სვანეთში ერთად მგზავრობის შემდეგ მივიღეთ. სვანეთში ყოფნისას, ემიმ ნიგოზი მაჩუქა. ის აკვირდებოდა თურმე. მე ამ ნიგოზს რას ვუზამდი, შევჭამდი თუ შევინახავდი. დაუფიქსირებია, რომ მე, ნიგოზი, მარჯვენა ჯიბეში შევინახე. საუბარში ემი ჩაგვერთო და გვითხრა რომ მათ ქვეყანაში საყვარელ ადამიანს საკვებს ჩუქნიან.
რობერტი: – იქიდან დაბრუნებულზე გადავწყვიტეთ, ცოლ-ქმარი ვყოფილიყავით. ემიმ სკოლაში თვითონ გაამჟღავნა ეს ამბავი და მაშინათვე მოედო სოფელს. ზუსტად ერთ კვირაში ვიქორწინეთ.
-ემი რა მოგეწონა შენს მომავალ მეუღლეში?
-ის ჯენტლმენია, თავშეკავებულია, არასდროს არ ბრაზდება, მშვიდია.
 -როგორც ჩანს, ენის ბარიერს სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია?
რობერტი: – ემიმ საურთიერთობო ქართული იცოდა. არაფერი არ დარჩენილა ჩვენს შორის გაურკვეველი. რთულ სიტუაციაში გუგლის “ტრანსლეითი” გვეხმარებოდა. ემი ღიმილით ამატებს, რომ “ბოდი ლენგვიჯი” კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა.
-უკვე მოიქორწილეთ?
რობერტი: – 25 იანვარს ჯვრისწერას და ქორწილს ერთად ვაპირებთ. ემი მოინათლა მართლმადიდებლად. ის თავის ქვეყანაში სიონისტური ქრისტიანული ეკლესიის მრევლი იყო. სამთავროს ტაძარში, რომ ვნათლავდით, მან შესანიშნავად წარმოთქვა ის სიტყვები, რომლებიც მას უნდა გაემეორებინა, მათ შორის ქართული ლოცვაც.
 -თქვენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
რობერტი: – დიდი ხანი ელოდნენ ჩემს დაქორწინებას და სიხარულით შეხვდნენ ამ ამბავს ოჯახში კი არა, ზოგადად სანათესაოშიც არ გამოუხატავთ არანაირი პრეტენზია – რატომ ასეო? პირიქით, დრო არ წაიღოო. ჩემი ოჯახის წევრები იცნობდნენ ემის, იცოდნენ ვინც იყო.
ემი: – ჩემი მშობლები რობერტს არ იცნობენ და თან სიშორის გამო არ უნდოდათ ჩვენი ქორწინება. მე მათთვის ერთადერთი ქალიშვილი ვარ. ისინი ქორწილში აპირებენ ჩამოსვლას.

რობერტი ჩაერთო საუბარში: – მე მოვითხოვე, ემის ეკლესიაში შეყვანას მშობლები დასწრებოდნენ და მისი ხელი გადმოეცათ ჩემთვის ისე, როგორც ეს ტრადიციულად ხდება ხოლმე. ისინი დათანხმდნენ ამას. ემი საქორწილოდ ქართული ცეკვის შესწავლასაც აპირებს და ასე ცდილობს, თანდათან გახდეს ნამდვილი ქართველი.
-ემი რომელი ქართული კერძი მოგწონს?
-ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური, ლავაში, ღორის ხორცი, კუბდარი…
-ბატონო, რობერტ როგორი დიასახლისია ემი?
-ძალიან გემრიელ, აფრიკულ კერძებს გვიმზადებს. თქვენც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქათამი, რომელიც აფრიკული სამზარეულოს წესებითაა მომზადებული და უგემრიელესია. ამ მოკლე დროში ემიმ ჩვენებური ხაჭაპურის გაკეთებაც ისწავლა და უკვე გამოგვიცხო.
-სამომავლო გეგმები…
ემი:- ვრჩები ამ სოფელში ჩემს მეუღლესთან ერთად, გვეყოლება შვილები და ვიქნებით ბედნიერები.
რობერტი (ღიმილით): – ვფიქრობ, კიდევ გექნებათ ჩვენთან მოსვლის მიზეზი და სურვილი.

საუბარი ჩაიწერა ანა ჭანტურიამ

“ზუგდიდელები”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *