ექიმი მურად ღვინჯილია ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოაციაციის ასპირანტი წევრი გახდა

  • გასტრო ცენტრის” ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი მურად ღვინჯილია ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოაციაციის ასპირანტი წევრი გახდა. მურად ღვინჯილია, „ზუგდიდელებს“, ევროპის გასტროენტერეოლოგთა ასოციაციის წევრობის უპირატესობებზე და იმ სიახლეებზე ესაუბრება, რომელიც უახლოეს ხანებში დაინერგება „გასტრო ცენტრის“ ცხოვრებაში.  

მურად ღვინჯილია: “ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის ასპირანტი წევრის სტატუსი ძალიან ბევრ დადებით ნოტას შემოიტანს ჩვენს საქმიანობაში. ეს გახლავთ პირდაპირი წვდომა ლიტერატურაზე, ინოვაციურ სერვისებზე, რომლებიც ახლა ინერგება ევროპაში. ეს იქნება ევროპული სკოლის მასტერკლასი ენდოსკოპიური, გასტროენტეროლოგიური მიმართულებით. თანამშრომლობის ფარგლებში, ოქტომბრის თვეში, დაგეგმილია ავსტრიაში შეხვედრა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ხოლო დეკემბერში, მსოფლიო მასშტაბის შეხვედრა გაიმართება დუბაიში, ეს იქნება რამდენიმედღიანი კონფერენცია-მასტერკლასი. შევხვდებით სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ენდოსკოპისტებს. შეხვედრის ფარგლებში, გვექნება საშუალება კონკრეტულ თემებზე გავიაროთ მასტერკლასი.

ორგანიზაციის წევრობა გვაძლევს ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის მიერ მიღებულ და აღიარებულ პროტოკოლებზე და გაიდლაინებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობას. მათი ყოველი ახალი რედაქციის ოპერატიული გაცნობა კონკრეტული, დასაბუთებული დოკუმენტებით, გაადვილებს დაავადებების მართვის სტანდარტებს. ასოცირება მაძლევს შესაძლებლობას, ჩემს მიერ გამოყენებული პროტოკოლები და სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია, გამოქვეყნდეს ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის ეგიდით და სხვა ჩემს კოლეგებსაც მიეცეს წვდომა ამ ინფორმაციებზე. ჩვენი კლინიკა ანუ „გასტრო ცენტრი“ მიიღებს ონლაინ რჩევებს ასოციაციის წამყვანი ექსპერტებისგან. შესაძლებელი იქნება, ასოციაციის ფარგლებში, ვიდეო და ფოტომასალის გაზიარება დამატებითი ინფორმაციის მოძიებისთვის. ასევე შესაძლებელი იქნება, რთულად დიაგნოსტირებად შემთხვევაში, კონსილიუმის ფორმატში, პაციენტის მდგომარეობის გარჩევა ასოციაციის წევრ კოლეგებთან ერთად. ვგეგმავთ წამყვანი ენდოსკოპისტების და გასტროენტეროლოგების მოწვევას. ადგილზე ჩატარდება ისეთი კვლევები, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო. ასევე, ვგეგმავთ, განვაახლოთ კუჭის ბალონირების ბარიატრიული – წონის მაკორეგირებელი პროცედურები. მალე, გვექნება ტრანსენდოსკოპიური ულტრაბგერის აპარატი, რაც გაადვილებს დიაგნოსტიკურ სირთულეებს. გვსურს, ჩვენი ინიციატივით, შეხვედრა მოვაწყოთ რეგიონის სამედიცონო სფეროს სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებთან და გავაცნოთ მათ ჩვენს სფეროში არსებული სიახლეები.  

მინდა, კიდევ ერთი სიახლის შესახებ ვამცნო “ზუგდიდელებს”. 10 სექტემბერს, ფოთში, იხსნება “გასტრო ცენტრის” ფილიალი. პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ სრული ენდოსკოპიური კვლევები, პაციენტის სურვილით, ვენური ძილის პირობებში. ასე, რომ შაბათობით, „გასტრო ცენტრის“ მთელი ჯგუფით გადავინაცვლებთ ფოთში. ფილიალი იმუშავებს შაბათს, 09:30 დან 19:00მდე.”