ლევან II დადიანის აკლდამის გარშემო მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიწყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში განთავსებული სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანისა და მისი მეუღლის, დედოფალ ნესტან-დარეჯანის, განსასვენებელი აკლდამის ქვის რესტავრაცია.

სააგენტოს ცნობით, პირველ ეტაპზე სამარხი გასუფთავდა მიწისგან, ასევე, ფოთლებისა და სხვა ნარჩენებისგან, გაიწმინდა აკლდამაში არსებული, ჩუქურთმით დამშვენებული, მარმარილოს დამტვრეული ქვა. განხორციელდა აკლდამის 3D სკანირება, რის საფუძველზეც შედგება ზუსტი არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები. აკლდამაში არსებული მიწისგან გამორჩეული ოსტეოლოგიური მასალა დასვენდა აკლდამაშივე.

გაწმენდითი სამუშაოები სააგენტოს არქეოლოგებმა შეასრულეს.

“მეორე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს უშუალოდ დაზიანებული ნაწილების განახლებას და ქვის მთლიანობის აღდგენას. ლევან II დადიანის საფლავის ქვის რესტავრაცია და ქვის წარწერის შენარჩუნება 2023 წლის დეკემბერში წალენჯიხაში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის, ვიზიტისას ადგილობრივ სასულიერო პირებთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამაგრდა ტაძრის საძირკველი და მოეწყო სადრენაჟო სისტემა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.