წალენჯიხაში იუსტიციის სახლი აშენდება

  • იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, წალენჯიხაში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ფილიალის ამოქმედების შემდეგ, წალენჯიხის მოსახლეობას საშუალება ექნება, იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღოს. იუსტიციის სახლის ფილიალი მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე.

წალენჯიხის იუსტიციის სახლში ადგილობრივი მცხოვრებლები დასაქმდებიან. ფილიალში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება.

წალენჯიხის იუსტიციის სახლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რიგით მე-16 ფილიალი იქნება. რეგიონში უკვე ფუნქციონირებს ჭალადიდის, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ფოთის, მესტიის, ზუგდიდის, რუხის, ორსანტიის, ცაიშის, ჩხოროწყუს, ლესიჭინეს, ჯვარისა და ჯგალის იუსტიციის სახლები.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.