- საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ნოქალაქევის და წალენჯიხის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე და ყურადღება გაამახვილეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.
“შეხვედრის ფარგლებში, პროკურორებმა ასევე ისაუბრეს იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებზე, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ხაზი გაუსვეს მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეებში ნარკოტიკულ დანაშაულებზე ცნობიერების ამაღლებას.”-აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

