- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ფოცხოეწერში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ მათ აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც ზამთრის პერიოდში, ფოცხოეწერში მცხოვრები დევნილი ოჯახების მხარდასაჭერად, ელექტროენერგიის 500 ლარიანი ვაუჩერების დარიგებას ითვალისწინებს.
“დღესვე, მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ესტუმრა. გიორგი ჯინჭარაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო ნობათები გადასცა.
შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და წალენჯიხის მუნიციპლაიტეტის მერი გუბა საჯაია მონაწილეობდნენ.
ინიციატივის ფარგლებში, საახალწლო ნობათებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

