ფაროსანას საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებები იწყება

  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისა და აზიური ფაროსანას რაოდენობის შემცირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრებს მართავს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯგუფის უფროსმა შალვა მეტრეველმა ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, მერის წარმომადგენლებთან მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა და ადგილობრივ თვითმმართველობებს მონიტორინგის შედეგები გააცნო.

შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოზამთრეობის ფაზაში მყოფ მავნებელთან ბრძოლის ეფექტურობა მოსახლეობის აქტიური ჩართულობით განისაზღვრება. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის აქტივობა.

„მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების მთავარი მიზანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა და მავნებლის რაოდენობის შემცირებაა, რაც კომპლექსური მიდგომით მიიღწევა“, – განაცხადა შალვა მეტრეველმა.

ტემპერატურის მატებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი ცივი შესხურებით წამლობებს დაიწყებს, მოგვიანებით კი ტერიტორიები თერმული ნისლით დამუშავდება.

ღონისძიებები ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მასშტაბურად ჩატარდება.