წალენჯიხაში წყალმოვარდნების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმებისა და წყალმოვარდნების შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, მიყენებული ზარალის აღწერის პროცესს და არსებულ ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.

უწყების ცნობით, მათთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია, გალი-მედანის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქავა და მერის წარმომადგენელი ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში თორნიკე ქუხილავა იმყოფებოდნენ.

აღინიშნა, რომ მოხდება არსებული ზარალის იდენტიფიცირება, რის შემდეგაც მონაცემები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხების გამოსაყოფად რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.