- წალენჯიხის მუნიციპალიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი, რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუსი და დანიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი მზევი ჯოჯუა სტუმრობდნენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტუმრებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მერის მ/შ ივანე ბურდულმა და მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უმასპინძლეს. შეხვედრას ასევე ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ქარდავა ესწრებოდა.
“შეხვედრა არტ-მეურნეობაში გაიმართა, სადაც ისინი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 35 ბაღის დირექტორებს შეხვდნენ და საჩუქრად ი/მ დავით მოსიძის საამქროში დამზადებული ხის სათამაშოები გადასცეს.
შეხვედრა იყო დასკვნითი-შემაჯამებელი, დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტის, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო სამეგრელოსა და ოკუპირებულ აფხაზეთში ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს დიალოგს ადგილობრივ ხელისუფლებასა, არადამთავრობო სექტორსა და ხალხს შორის ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით.
პროექტი მხარს უჭერს ბაღის პედაგოგთა სწავლების კომპონენტის გაძლიერებას.
შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ის სწორედ წალენჯიხაში საოკუპაციო გამყოფ ხაზზე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო რუმინეთის ელჩმა რავზან როტუნდუმ ასევე დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული ღირებულებები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდულმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს წალენჯიხაში ვიზიტისთვის და მან ხაზი გაუსვა ერთადერთ ოპოზიციურ მუნიციპალიტეტში კოალიციური თვითმმართველობის მნიშვნელობას.
მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ აღნიშნა, რომ ამ გამოწვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პარტნიორი, ევროპული ქვეყნების მხარდაჭერას.
სტუმრებმა სურვილი გამოთქვეს კიდევ ერთხელ ესტუმრონ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს.”-აღნიშნულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.